ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ აქცია გაიმართა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

მოსახლეობა, რომელიც ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, კარავში რჩებიან. აქციის მონაწილეებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ. მათი თქმით, გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.

„კარავში ვაგრძელებთ პროტესტს. პერმანენტული პროტესტი გაგრძელდება ყველანაირი მეთოდით, იურიდიულადაც და ჩვენი აქციებით გავაგრძელებთ ბრძოლას. არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – განაცხადა აქციის მონაწილე რატი ქვარიანმა.

ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ ტექნიკა შეყვანილია, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევრიდან გაგრძელდება.

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე გუშინ, აქციის დროს ადმინისტრაციული წესით ათი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ექვსი პირის სასამართლო პროცესი კი, 15 იანვრამდე გადაიდო.