ვარჯიში „სამტრედიამაც“ განაახლა
ვარჯიში „სამტრედიამაც“ განაახლა

2.5-თვიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ შეიკრიბა – კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგის განახლებისთვის მზადება თბილისში, საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკში“ დაიწყო.

ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას კი გათვალისწინებული იქნა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში 2 ტური გაიმართა და ეპიდემოლოგიური მდგომარეობაგმო ფეხბურთის ფედერაციამ 11 მარტს შეაჩერა, ხოლო ტურნირი 25 ივნისიდან განახლდება.

1-17 ივნისს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ 22-24 ივნისს გაივლიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება და 4 წრის ნაცვლად, ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.