ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში 94 პროცენტით შემცირდა — #1tvმეცნიერება
ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში 94 პროცენტით შემცირდა — #1tvმეცნიერება

ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერის ცნობით, Pfizer-ის ვაქცინით ორი დოზით აცრილ 600 000 ადამიანში COVID-19-ის სიმპტომური ინფექციები 94 პროცენტით დაეცა. კვლევა უმსხვილესია ამ მიმართულებით ქვეყანაში ამ დრომდე ჩატარებულთა შორის.

ჯანდაცვის ორგანიზაცია Clalit-ი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ნახევარზე მეტს ემსახურება, აღნიშნავს, რომ ამავე ჯგუფში 92 პროცენტით დაბალია ვირუსით გამოწვეული მწვავე ავადმყოფობის ალბათობა.

შედარება ამავე მოცულობის სხვა ჯგუფთან გააკეთეს, რომლის წევრებსაც იგივე სამედიცინო ისტორიები ჰქონდათ, მაგრამ ვაქცინირებული არ იყვნენ.

„ცალსახად ჩანს, რომ Pfizer-ის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა რეალურ სამყაროში წარმოუდგენლად ეფექტიანია მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაშიც, როგორც ამას კლინიკური ცდებიც მიუთითებდა“, — ამბობს Clalit-ის ინოვაციების უფროსი ოფიცერი რან ბალიცერი.

მისივე თქმით, მონაცემები მიუთითებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მან გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნა, მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ კიდევ უფრო ეფექტიანია.

ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მონაცემებს ამუშავებენ, ამბობენ, რომ ჰოსპიტალიზებისა და სერიოზული ავადობის მკვეთრი კლება პირველ ასაკობრივ ჯგუფში, 60 წელს ზემოთ, ახლა უკვე მეორე ჯგუფში, 55 წელს გადაცილებულებშიც შეინიშნება.

ჰოსპიტალიზებისა და სერიოზული ავადობის მაჩვენებელი კვლავ მზარდი რჩებოდა უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა ვაქცინაციაც რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო.

ისრაელი ვაქცინაციას უსწრაფესი ტემპით ახორციელებს და ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ მონაცემებს მთელ მსოფლიოს უზიარებს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი