ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას უთანხმოება გუნდში დაპირისპირებას არ ნიშნავს
ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას უთანხმოება გუნდში დაპირისპირებას არ ნიშნავს

სკანდალურს ნურაფერს მოძებნიან, გუნდურობა არ ნიშნავს, რომ გუნდის ყველა წევრს ერთსა და იმავე საკითხზე ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური საკითხი არ არის, ეს თემა სახელმწიფო დონეზეა აყვანილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქურდულ სამყაროს“ იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობისას ფორა არ მივცეთ, რომელსაც მივიღებთ, რომ მათი უფლებამოსილება შეიზღუდოს. ამ საკითხებზე ჯერ გუნდში უნდა ვიმსჯელოთ, რადგან “ქურდული სამყარო” თავის წესებსა და კანონებს ხშირად ცვლის. თუ სახელმწიფო ისეთ კანონს მიიღებს, რომელიც მათ უფლებამოსილებას ზღუდავს, ისინი თავის ტრადიციებს ცვლიან და სხვანაირად იქცევიან. ჩემი პოზიცია სწორია, რომ სხდომა დაიხუროს, კითხვებს ღიად ვერ ვსვამ, რადგან სამართლებრივი პრობლემები არსებობს, რაც „ქურდულ სამყაროს“ უკავშირდება. თავად კანონპროექტი იდეალურია, რომელმაც დანაშაული უნდა შეზღუდოს და „ქურდული სამყაროს“ მოქმედების არეალი განმარტოს.

დაპირისპირებაზე საუბარი არ არის, გუნდი ერთიანია, ესაა უბრალოდ აზრის გამოხატვა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა მოითხოვეს.

კომიტეტის სხდომის დახურვას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ და  რატი იონათამიშვილმა სხდომა დატოვეს, თუმცა სხვა კანონპროექტზე მსჯელობისას  სხდომაზე დაბრუნდნენ.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დეფინიციები იცვლება და ამ თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.

დატოვე კომენტარი