ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს, ურუგვაელმა გონება დაკარგა და საწვრთნელი ბაზა ეტლით დატოვა #1TVSPORT
„რეალის“ ნახევარმცველებმა, ორელიენ ჩუამენიმ და ფედერიკო ვალვერდემ ოთხშაბათს დაწყებული კონფლიქტი მეორე დღეს სერიოზული ჩხუბით გააგრძელეს.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს, ვარჯიშისას, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ჯარიმის შემდეგ მოხდა, რის შედეგად ფეხბურთელებმა რამდენჯერმე ხელი უბიძგეს ერთმანეთს. ურთიერთობის გარკვევა გასახდელში გაგრძელდა.
იმავე Marca-ს მონაცემებით, ამჯერად ფეხბურთელებს შორის მოხდა ინციდენტი, რომელმაც აიძულა კლუბის ხელმძღვანელობა, საგანგებო შეხვედრა მოეწყო.
კონფლიქტის ახალი ეპიზოდი გუნდის რამდენიმე წევრმა დაახასიათა, როგორც „ძალიან სერიოზული“. ჩხუბი თავიდანვე გამწვავდა, რის გამოც საჭირო გახდა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის ჩარევა. საბოლოოდ, ჩხუბის შემდეგ ვალვერდე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა ჩხუბის დეტალები. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ვალვერდემ იუარა გადასხდელში ჩუამენისთვის ხელის ჩამორთმევა. მან თანაგუნდელი დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ ჩუამენიმ მიაწოდა პრესას ინფორმაცია წინა დღის ჩხუბის შესახებ. ფრანგი ყველაფერს უარყოფდა და მიუთითებდა იმაზე, რომ პრაქტიკულად არ აქვს პრესასთან ურთიერთობა. ამან დაძაბული ატმოსფერო შექმნა ვარჯიშის დროს. „რეალის“ ფეხბურთელებმა ვარჯიში აღწერეს, როგორც „არაკომფორტული“. ვალვერდე გამუდმებით იმეორებდა თავის ბრალდებას. აღნიშნავენ, რომ ჩუამენიმ მოუბოდიშა ვალვერდეს, მაგრამ ურუგვაელმა არ მიიღო ეს ბოდიში. არ აზუსტებენ იმას, რის გამო მოიხადა ფრანგმა ბოდიში.
ვარჯიშის შემდეგ, გასახდელში ვალვერდემ გააგრძელა ჩუამენის დადანაშაულება. თვითმხილველების თქმით, კრიტიკა „უწყვეტი“ იყო. ფრანგმა სცადა ვალვერდესთან დალაპარაკება, მაგრამ ურუგვაელი არ წყნარდებოდა. სწორედ ამ მომენტში, ჩუამენიმ ვეღარ მოითმინა და ვალვერდეს ძლიერად დაარტყა მუშტი თავში. ფედერიკო დაეცა და თავი მაგიდას ჩამოარტყა.
ამტკიცებენ, რომ დარტყმის შედეგად ვალვერდემ თავბრუსხვევა იგრძნო. გამოცემა RMC Sport-ი წერს, რომ ფედერიკომ გონება დაკარგა და საწვრთნელი ბაზა შშმ-ის ეტლით დატოვა. ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა. ნახევარმცველს ჭრილობაზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. პროცედურების შემდეგ ვალვერდემ კლინიკა დატოვა და ახლა სახლში ისვენებს.
საგანგებო კრება ჩხუბიდან რამდენიმე წუთში იყო ორგანიზებული. არცერთ მოთამაშეს არ დაუტოვებია საწვრთნელი ბაზა. მიზანი გახდა ყველა პრობლემისთვის წერტილის დასმა და დაძაბულობის განმუხტვა, რომელიც ძალიან აშფოთებს კლუბის ხელმძღვანელობას.
ამასობაში COPE-მ დაწერა, რომ „რეალს“ შეუძლია, მოთამაშეების მიმართ აამოქმედოს შიდა რეგლამენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, კლუბი იტოვებს უფლებას, ჩამოაშოროს ფეხბურთელები შემადგენლობას და ჩამოაჭრას ხელფასი, ყველაზე მძიმე სასჯელი კი შეიძლება გახდეს კონტრაქტის გაწყვეტა კომპენსაციის გადახდის გარეშე და გაყიდვა „არაპროფესიული საქციელის“ გამო.