ვაკო გვილია - ერთა ლიგაზე კარგმა დასაწყისმა არ უნდა მოგვადუნოს
ვაკო გვილია - ერთა ლიგაზე კარგმა დასაწყისმა არ უნდა მოგვადუნოს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთა ლიგაზე ანდორასთან (13 ოქტომბერს) და ლატვიასთან (16 ოქტომბერს) მოახლოებულ თამაშებზე კომენტარები გააკეთეს.

„პირველი ნაბიჯები ერთა ლიგაზე წარმატებული გამოდგა. მაქსიმუმს მივაღწიეთ, ორ თამაშში ექვსი ქულა ავიღეთ და გოლი არ გავუშვით. ჩემი აზრით, ნაკრები გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ თამაშების მოგება ისწავლა, რომელშიც ფავორიტად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი ერთა ლიგის ყველა თამაშში გამარჯვებას ითხოვს, მითუმეტეს ასეთი დებიუტის შემდეგ და ფეხბურთელებიც მოტივირებული ვართ“ – ამბობს ნიკა კვეკვესკირი,

ვაკო გვილია: „საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდი ამას გრძნობს და სწორედ ამისთვის ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, შემდეგი მატჩები როგორც ჩვენთვის ისე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, პირიქით – მომავალ შეხვედრებს მეტი პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მოვეკიდოთ“.

ოთარ კაკაბაძე: “წინ გადამწყვეტი ორი თამაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი თვითდაჯერებულია, რაც წინა ორ თამაშში ნაჩვენები შედეგითაა გამოწვეული. ვთვლი, რომ იმ ქართველ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მრავლად იქნება სტადიონზე, გამარჯვებას შევძლებთ“.