ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა #1TVSPORT
ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა.  სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

სპორტის უნივერსიტეტის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, განათების სისტემა და სარბენი ბილიკი.

ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას.

გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში კიდევ ორი სპორტული ცენტრის გახსნა იგეგმება.

„მიხარია რომ ახალი სპორტული ცენტრის გახსნის მონაწილე ვარ. თბილისში კიდე ორი სპორტული ცენტრი გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

„ეს არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი. ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებსაც განვითარებისთვის ხელის შეწყობა და ინფრასტრუქტურა სჭირდებათ“, – განაცხადა კალაძემ.