ვენსან კომპანი მიუნხენის „ბაიერნის“ საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ავადმყოფობის შემდეგ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა. 40 წლის ბელგიელი სპეციალისტი გუნდს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ვერ ხელმძღვანელობდა.
გერმანული გამოცემის, TZ-ის ჟურნალისტის, ფილიპ კესლერის ინფორმაციით, კომპანი 10 ნოემბერს, დილით „ბაიერნის“ საწვრთნელ ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე მივიდა და მუშაობა საკუთარ კაბინეტში განაახლა. მოსალოდნელია, რომ ის ტრავმირებული ფეხბურთელების, მათ შორის ჯამალ მუსიალას, სარეაბილიტაციო ვარჯიშებსაც დააკვირდება.
23 ოქტომბერს კომპანი „ბაიერნის“ მეორე გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას თავის ტვინის გარსების გაღიზიანება დაუდგინეს. ბელგიელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროცესი სახლში გააგრძელა.
კომპანის არყოფნის პერიოდში „ბაიერნს“ მისი ასისტენტები – აარონ დენქსი და რენე მარიჩი ხელმძღვანელობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ის „ბაიერნის“ სათადარიგოთა სკამზე 20 ნოემბერს ბუნდესლიგის მატჩში „კიოლნის“ წინააღმდეგ გამოჩნდება.