„მანჩესტერ იუნაიტედს“ მაურისიო პოჩეტინოს კონტრაქტის გამოსყიდვა 7.4 მილიონი გირვანქა დაუჯდება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას განიხილავს. ინგლისური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც ამჟამად აშშ-ის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს.
The Athletic-ის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტის გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 7.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი (10 მილიონი დოლარი) დაუჯდება.
პოჩეტინომ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის აგვისტოში გაახანგრძლივა და მისი ხელშეკრულება 2030 წლამდე მოქმედებს. თუმცა შეთანხმებაში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც 54 წლის სპეციალისტს ნაკრების დატოვება შეუძლია.
ამასთან, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, თუ პოჩეტინოსთან ერთად მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების გადაბირებასაც გადაწყვეტს.
არგენტინელი სპეციალისტი აშშ-ის ნაკრებს 2024 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის „ტოტენჰემში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსიში“ მუშაობდა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ კი ამჟამად მთავარი მწვრთნელის პოსტს მაიკლ კერიკი იკავებს, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.