ნოდარ ტურძელაძე - 2015 წლის 13 ივნისი მთელი საქართველოსთვის ტრაგიკული დღე იყო
ნოდარ ტურძელაძე - 2015 წლის 13 ივნისი მთელი საქართველოსთვის ტრაგიკული დღე იყო

2015 წლის 13 ივნისი მთელი საქართველოსთვის ტრაგიკული დღე იყო, – ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თითქმის ყველაფერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„ჩვენ გვყავდა გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა ტკივილსაც ვერ მოვიშუშებთ. რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში მოხდა თითქმის ყველაფრის რეაბილიტირება და მოწესრიგება. მნიშვნელოვანია, შევეხოთ თვითონ დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარებები გაეწიათ. იცით, რომ კატეგორიებად დაიყვნენ დაზარალებულები, პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებულები. პირველ შემთხვევაში ხდებოდა სრულად ანაზღაურება, საცხოვრებელი ტერიტორიების გამოსყიდვა, რაც დარჩენილი იყო სტიქიის შემდეგ, მეორე კატეგორიის დაზარალებულებს ჩვენ გავუკეთეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს 14 ოჯახია დარჩენილი. ოჯახებს ჰქონდათ სამართლებრივი დავა და ელოდებოდნენ მემკვიდრეობას. ობიექტური პროცესებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მათი დახმარებაც მოხდება“, – განაცხადა ტურძელაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან თბილისის მერი კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები, ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.