კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ძალიან მძიმე იყო ის, რაც მოხდა სამი წლის წინ, 13 ივნისს ვერეს ხეობაში. დღეს ჩვენ პარაკლისი გადავუხადეთ დაღუპულებს. სამწუხაროა, რომ გვყავს დაღუპულები. რა თქმა უნდა, ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. რაც დაინგრა აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ვერ დავაბრუნებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა შემდგომ დღეებში, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, ახალგაზრდების ერთობამ და სოლიდარობამ გადაგვატანინა ეს მძიმე წუთები და დღეები, რაც დედაქალაქში ტრიალებდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო მოხალისედ და ეხმარებოდა ადამიანებს ქალაქის გაწმენდაში, დასუფთავებაში, მოწესრიგებაში. ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით და დღევანდელი თაობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.