ვახუშტი მენაბდე - ვხედავთ ზეწოლას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებიც კლანისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ
ვახუშტი მენაბდე - ვხედავთ ზეწოლას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებიც კლანისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ

ჩვენ დიდი ხანია, ვხედავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების მიმართ ზეწოლას, რომელიც ცდილობენ, კლანს გაუწიონ წინააღმდეგობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„ამ საკითხზე კოალიცია მართლმსაჯულებისთვის მოგვიანებით გააკეთებს კონკრეტულ განმარტებას, ვსწავლობთ ამ შემთხვევას. მაგრამ შეიძლება ითქვას, დიდი ხანია, ვხედავთ იუსტიციის საბჭოს იმ წევრების მიმართ ზეწოლას, რომლებიც ცდილობენ კლანს გაუწიონ წინააღმდეგობა და ამის თაობაზე არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი პოზიცია. ვაცხადებთ, რომ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს და განსაკუთრებით იმ წევრებს, რომლებიც უმრავლესობის შემადგენლობაში არ არიან და არ ეთანხმებიან საბჭოს უმრავლესობის აზრს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ ისეთ პირობებში, რომლიც ხელს შეუწყობს მათი უფლებამოსილების განხორციელებას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვას ხელს საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი აწერს. დოკუმენტი პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.