ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მიმართვა პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გაეგზავნება
ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მიმართვა პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გაეგზავნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში გაუგზავნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართვას, რომლითაც საბჭოს წევრთა ნაწილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ იუსტიციის საბჭოს შემდეგი მოსამართლე წევრები: საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო; არამოსამართლე წევრები: შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს არამოსამართლე წევრებმა: ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა.

როგორც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე წევრებმა განაცხადეს, ანა დოლიძისთვის იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის მიზეზი დოლიძის პოლიტიკური საქმიანობაა, რაც მათი თქმით, საბჭოს წევრის სტატუსს არ შეესაბამება.

ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, ანა დოლიძე სასამართლო სისტემისადმი მიზანმიმართულად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

საბჭოში ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტისადმი მიმართვა დღეს საბჭოს წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა,  დიმიტრი გვრიტიშვილმა გააცნო.