ვახუშტი მენაბდე - კახა კალაძე მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ გუშინდელი აქცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ იყო მართული
ვახუშტი მენაბდე - კახა კალაძე მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ გუშინდელი აქცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ იყო მართული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ გუშინდელი აქცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ იყო მართული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მივიდეს აქციაზე და დააფიქსიროს პოზიცია, ზოგადად კი, მშენებლობაზე უსაფრთხოება მწვავედ პოლიტიკური საკითხია.

„გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. ეს ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯა ჩვენი მხრიდან. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი არასაკმარისია. ეს სასაკლაო არ მთავრდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ არაადეკვატურია და არასაკმარისია ის ქმედებები, რომელსაც ხელისუფლება ამ დრომდე გვაჩვენებს.

ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მოვიდეს და დააფიქსიროს პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს არის მწვავე პოლიტიკური საკითხი, მაგრამ თუ ქალაქის მერი გულისხმობს იმას, რომ ეს პროცესი მართულია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ, ის მწარედ ცდება და უბრალოდ რეალობას ვერ აღიქვამს“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა: „გუშინ გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს“.

ჭავჭავაძის გამზირზე, გუშინ შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. დემონსტრანტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც ექვსი პირის დაკავება მოჰყვა. მათ შორის იყო ვახუშტი მენაბდე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.