ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ, მათ შორის სააკაშვილის მომხრეებს, რომლებიც შეიძლება, საინფორმაციო ბაბლში არიან
ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ, მათ შორის სააკაშვილის მომხრეებს, რომლებიც შეიძლება, საინფორმაციო ბაბლში არიან

პოლარიზაცია რომ საშიშია, ეს უკვე ქუჩაშიც იგრძნობა, ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ, მათ შორის სააკაშვილის მომხრეებს, რომლებიც შეიძლება, საინფორმაციო ბაბლში არიან. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ მათთვის უფრო მეტი ინფორმაცია გასცეს, სააკაშვილის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ეს თამაში ყველასთვის საშიშია.

„მეკითხებით, პოლარიზაციაში დამნაშავე ვინ არისო? – ნიუსი წავიკითხე, რომ ჩვენი კოლეგა შეიძლება იყოს მოკლული, ეს იგეგმებოდაო. ანუ, პოლარიზაციისთვის რა შეიძლება ამაზე დიდი ბრალდება იყოს, რასაც რაიმე ქმედება არ მოჰყვება. თუ ასეთი რამე ვიცით, ყველაფერი ხომ უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ, მათ შორის სააკაშვილის მომხრეებს, რომლებიც შეიძლება, საინფორმაციო ბაბლში არიან. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ მათთვის უფრო მეტი ინფორმაცია გასცეს, სააკაშვილის მდგომარეობაზე? – ანუ, ილუზიებში კი არ აცხოვროს, სადაც ორი სამყაროა, სადაც სააკაშვილი, როგორც წამებული გმირია და მეორე მხრივ, მატყუარა, რომელიც ვაფლებს და საჭმელს ჭამს. ეს არის პოლარიზაციის მიზეზი, მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან პოლარიზაციის მთავარი მიზეზი. არ ვიცი, ამას აკეთებენ გამიზნულად და შეგნებულად, თუ თამაში აიძულებთ, ეს როლი ითამაშონ. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ეს თამაში ყველასთვის საშიშია, რადგან არ ვიცით, საით შეიძლება განვითარდეს პროცესები. ირაკლი კობახიძის ადგილზე რომ ვიყო და ასეთი ინფორმაცია მქონდეს, არ ვიტყოდი, ამ ყველაფერს, რადგან ვერ ვამტკიცებ ამას. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ბრძოლას ჰგავს. არა იმას, რომ ახლა ელენე ხოშტარიას სიცოცხლე გვაღელვებს და მისი გადარჩენისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ, არამედ კვლავ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან და მცდელობაა, როგორ დავადანაშაულოთ და გავაშაოთ მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი საოცრად არასერიოზულად და საშიშად გამოიყურება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.