ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოსთან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას
ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოსთან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოსთან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

უწყების წარმომადგენელი გამოეხმაურა დასავლეთ ბალკანეთთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული ნიშნულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

მახარობლიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირი უაღრესად დადებითად აფასებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უაღრესად აქტიურად, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიც არის ევროპოლი, როგორიც არის ფრონტექსი, ევროჯასთი, აქტიურად ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის ტაექსი.

დოკუმენტი დადებითად აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება შესაბამისი სამოქმედო გეგმის, ე.წ ვლაპის შესრულების მიმართულებითაც. მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხით არაერთი ღონისძიება განხორციელდა როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე საინფორმაციო კამპანიის მიმართულებითაც. ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის ძალისხმევას თავშესაფრის მაძიებელთა, უსაფუძვლო მომთხოვნთა შემცირების მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ ევროპული მხარე ძალიან პოზიტიურად ეხმიანება იმ საქმიანობას, რომელიც ქართულმა მხარემ გაწია „კოვიდ-19“-ის დაძლევის მიმართულებით და დადებითად აფასებს როგორც საზღვრების ჩაკეტვის პროცესს, ასევე იმ საქმიანობას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იქნა განხორციელებული. დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი და წარმატებულად არის შეფასებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში რეპატრიაციის მიმართულებით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართული მხარის ძალისხმევით მოხერხდა 13 000 საქართველოს მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტი საუბრობს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების მიმართულებით და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ეტაპობრივად გახსნან საზღვრები საქართველოსთან, რაც რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანია. დოკუმენტში ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.