ვახტანგ მახარობლიშვილი - დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ არჩევნების ჩატარების კუთხით კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა
ვახტანგ მახარობლიშვილი - დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ არჩევნების ჩატარების კუთხით კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრამ ტრადიციულად კარგ ატმოსფეროში ჩაიარა, – ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტუსკმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა.

„პრეზიდენტმა ტუსკმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის დინამიკა და ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი ფორმატის კონტექსტში წამყვანი როლი ევროკომისიასა და მის პრეზიდენტს აქვს, დონალდ ტუსკის მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ ახალი ფორმატი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მზაობას, საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე, ახალ დონეზე აიყვანოს და მეტი დინამიკა შესძინოს ჩვენს სექტორულ ინტეგრაციას“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„პრემიერმა მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე, ე.წ. ბორდერიზაციის თემატიკაზე, დარღვევებზე, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და ხაზი გაესვა ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იყოს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში, მათ შორის მუდმივად და რეგულარულად გაესვას ხაზი ევროკავშირის და რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ თავის სამშვიდობო ინიციატივაზეც ისაუბრა.

„ევროპულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ ჩართული იქნება ამ ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში.

ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში და აღნიშნული საკითხი ასევე იყო ევროპული მხარის ინტერესის სფერო. დონალდ ტუსკი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს კამპანია არჩევნების მეორე რაუნდამდე. ძალიან პოზიტიურად შეაფასა პირველი რაუნდის შედეგები და პროცესები, როგორც ის წარიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ დაიმკვიდრა კარგი რეპუტაცია ბოლო პერიოდში არჩევნების ჩატარების კუთხით და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი სულისკვეთებით ჩატარდება მეორე ტურიც“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს დღეს ბრიუსელში შეხვდა, სადაც საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება.