ვახტანგ გომელაურმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა 
ვახტანგ გომელაურმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა სპეცრაზმ,ეს, ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ყველაზე დიდი დანაკლისი რა თქმა უნდა, ოჯახისთვის არის, ქვეყნისთვის კი თითოეული ვაჟკაცი მნიშვნელოვანია. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო დაჭრილ ბიჭებს, ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას სპეცრაზმელებს. ასევე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.