ვახტანგ გომელაური - სპეცოპერაციის საქმის გამოძიებაში ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე
ვახტანგ გომელაური - სპეცოპერაციის საქმის გამოძიებაში ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე

სპეცოპერაციის საქმის გამოძიებაში ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა ამის დადასტურებით თქმა ექსპერტიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება კითხვას, დაახლოებით რა მასშტაბის საფრთხის აცილება მოხდა თავიდან, ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა.

„ ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ცოტა რთულია ამ საფრთხეებზე საუბარი, თუმცა იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური, რაღაც ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა, მგონი ავიცილეთ თავიდან“.

„როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი, ჩატაევი იყო თუ არა“, – აღნიშნა გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.