ვახტანგ გომელაური – ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

14:09, 03.05.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად 2018 წელს გამოვლინდა ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიური მუშაობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით სუს-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„2018 წელს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 48 პირი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან კითხვა-პასუხის რეჟიმი და დებატები პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება.

მსგავსი