პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება
პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან კითხვა-პასუხის რეჟიმი და დებატები პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რეგლამენტიის 94 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, სესიაზე პროცედურულად სხდომის დახურვა მოითხოვა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხა და ოპოზიციის უკმაყოფილების პასუხად, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.

„კოლეგებო, რადგან დასმულია დახურვის შესახებ საკითხი, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, საკითხი განიხილება დახურული წესით. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო, აპარატს, დახურონ სხდომა, დახურული წესით განიხილება საკითხი და როგორც კი დასრულდება კენჭისყრა, ამის შემდეგ გაიხსნება სხდომა. განვმარტავ პროცედურას. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, პარლამენტის სხდომები საჯაროა, პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ მას შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას დახურულად გამოცხადების შესახებ, გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, განიხილება და მიიღება დახურული წესით და შესაბამისი ნორმა არის გადატანილი რეგლამენტში. ანუ განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება დახურული წესით. აქედან გამომდინარე, აპარატს კიდევ ერთხელ ვთხოვ, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის სესიაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.