ვახტანგ გომელაური - ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა კიბერშეტევის წინააღმდეგ კონტროლი გავაუმჯობესოთ
ვახტანგ გომელაური - ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა კიბერშეტევის წინააღმდეგ კონტროლი გავაუმჯობესოთ

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ და იყოს კონტროლი, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოში ოქტომბერში მომხდარ კიბერშეტევაზე მუშაობდნენ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, რასაც დიდი დრო დასჭირდა.

კიბერშეტევაზე სახელმწიფო ოფიციალური განცხადება გააკეთა. დეტალებში ვერ შევალ, ვერ მოვყვები როგორ და რანაირად იყო. ეს მოდიოდა რუსეთიდან, რუსული კვალი იყო. დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. 21-ე საუკუნეა და ეს თემა პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპის დიდი ქვეყნებში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ტექნოლოგიები ვითარდება. ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად. რომ ვთქვა, საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, მოვიტყუები. ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს ჩაკეტვა, რათა სივრცეში არ შემოვიდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი