ვახტანგ აბაშიძე - 2017 წლის სარეკლამო შემოსავლების შესწავლილი მონაცემებიდან სარეკლამო ბაზარზე პოზიტიური დინამიკა იკვეთება
ვახტანგ აბაშიძე - 2017 წლის სარეკლამო შემოსავლების შესწავლილი მონაცემებიდან სარეკლამო ბაზარზე პოზიტიური დინამიკა იკვეთება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მუშაობს და აზუსტებს მაუწყებელთა 2017 წლის სარეკლამო შემოსავლებს. უკვე შესწავლილი მონაცემებიდან კი, სარეკლამო ბაზარზე პოზიტიური დინამიკა იკვეთება. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი. ამასთან, როგორ აბაშიძემ აღნიშნა, დიდი კომპანიების შემთხვევაში (“იმედი”, მასთან აფილირებული არხები და “რუსთავი 2” და მასთან აფილირებული არხები) სხვა სურათი იკვეთება.

„2017 წლის განმავლობაში ამ დიდმა ტელეკომპანიებმა შექმნეს ერთიანი „სელერი“, გამყიდველი, ანუ ისინი სარეკლამო დროს სწორედ გაერთიანებული გამყიდველის, ე.წ. სელერის მეშვეობით ყიდდნენ, აქ არის შემცირება. რამ გამოიწვია ეს შემცირება, როგორ გადანაწილდა, შეიცვალა თუ არა თავად სტრუქტურა თანხების გადანაწილების სარეკლამო ბაზრის სხვა მოთამაშეებს, მათ შორის სარეკლამო სააგენტოს, „სელერსა“ და მაუწყებლებს შორის, ეს კვლევის საგანი იყო და არის. სრულ ინფორმაციას კომისია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს, სადაც იქნება ოფიციალური მონაცემები და განმარტებები, რამაც ჩვენის აზრით გამოიწვია გარკვეული მოვლენები სარეკლამო ბაზარზე 2017 წელს“,-აღნიშნა კომუნიკაციების მარგულირებელი კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებზე ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული რეკლამის ნაწილში, ვახტანგ აბაშიძე პასუხობს, რომ კომისიას ჯერ ზუსტი მონაცემები არ აქვს, თუმცა დაახლოებით რაც ამ განხილვების პერიოდში ისმის სხვადასხვა აქტორების მიერ, საუბარია დაახლოებით მილიონნახევარ, ორ მილიონ ლარზე.

“ეს დიდი კომპანიებისთვის, რასაკვირველია რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ეს ციფრი ვერ მოახდენს, რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს მათთვის შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა აქ მთავარი ამოსავალი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვქონდეს სერიოზული ზრდა და ყველამ თავისის წვლილი შეიტანოს სარეკლამო შემოსავლების, სარეკლამო ბაზრის ზრდაში”, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

დატოვე კომენტარი