ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა.

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას – 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი უცნობ მამაკაცს მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილის მინების ჩამსხვრევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან მისი ოჯახის წევრების მიმართულებით იარაღი ისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე  დაიწყო გამოძიება.