ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასის ჩამოშლის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასის ჩამოშლის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, აღნიშნული ფერდობი მაღალი ქვათაცვენის რისკის შემცველია.

მისივე თქმით, ამ წუთებში მაღალი წყლის ჭავლით ფერდობის დამუშავება, რომ რაიმე საფრთხე თუ არსებობს, ის ქვებიც ჩამოიტანონ.

„აქ მუდმივად ხდება მსგავსი პროცესები, რისი პრევენციისთვისაც ხედავთ, რომ არის დამონტაჟებული დამცავი ბადეები, თუმცა შედარებით მსხვილი ქვათაცვენის დროს ბადეები ვერ აკავებს მთლიანად მასას. ასეთი სიტუაციებისთვის გვყავს კონტრაქტორები, რომლებიც მობილიზებულები არიან ადგილზე და გაიტანენ ჩამოშლის ქვის მასებს. ახლა ხდება მაღალი წყლის ჭავლით ფერდობის დამუშავება, რომ რაიმე საფრთხე თუ არსებობს, ის ქვებიც ჩამოვიტანოთ.

რისკების შეფასების მიზნით აქ ადგილზე წარმოდგენილი არიან შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები და ექსპერტები. თუ რაიმე ღონისძიებები იქნება საჭირო, აუცილებლად დაიგეგმება და გატარდება.

ადგილზე მობილიზებულია ჩვენი კონტრაქტორი კომპანია „მადლი“, რომელიც გაიტანს ნარჩენებს. პრევენციისთვის არის მრავალი ტიპის ღონისძიებები. ამ ღონისძიებების შერჩევა ხდება ექსპერტების და შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებით. აქ იყო დატერასებული ფერდობი, რომელიც გაღვივდა და შესაბამისად, თუ რაიმე მსგავსი მიწის სამუშაოები იქნება დასაგეგმი, ამაზე შესაბამის ექსპერტებთან უნდა შედგეს პროექტი. ამ დროისთვის ყველა საჭირო ტექნიკა და ექსპერტი ადგილზეა მობილიზებული“,- განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა დღეს ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, კლდის მასის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა.