ვაისმა შესაძლოა ლობჟანიძე ათამაშოს - დანიასთან ჭკვიანური თამაშია საჭირო
ვაისმა შესაძლოა ლობჟანიძე ათამაშოს - დანიასთან ჭკვიანური თამაშია საჭირო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კოპენჰაგების „თელაი პარკენ არენაზე“ დანიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ მედიასთან შეხვედრაზე ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ტურში დანიის ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარები გააკეთეს.
 
„დანიამ საკვალიფიკაციო ეტაპი იდეალურად ვერ დაიწყო, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და მძიმე შეხვედრას ველით. მათ უმთავრესად ლეგიონერები ჰყავთ და მაღალი დონის შემსრულებლებით არიან დაკომპლექტებული. სპორტულად თავხედობა შედარებით დაბალი დონის ნაკრებთან გავა, მაგრამ დანიასთან ჭკვიანური თამაშია საჭირო და ჩვენს შანსს უნდა დაველოდოთ. შესაძლოა, ხვალ შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე იყოს, რადგან ის სწრაფი მოთამაშეა, ფლანგზე სისწრაფე კი დანიასთან ძალიან დაგვჭირდება“,  – ამბობს ვაისი.
გურამ კაშია: „ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლია და ეს პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან დანია მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი ნაკრებია. ამას ისიც ემატება, რომ რთული მდგომარეობა აქვთ და ჯგუფში დასაწინაურებლად მოგება სჭირდებათ. ამიტომ ტაქტიკურად სწორად უნდა ვითამაშოთ, სასურველი შედეგი რომ მივიღოთ. ახლა გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და ყველა მზად უნდა იყოს, რომ ნაკრების ძირითადში მოხვდეს და მოედანზე საბრძოლველად გავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ დანია-საქართველოს შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, დანია-საქართველო კოპენჰაგენის „პარკენზე“ 10 ივნისს 22:45 საათზე დაიწყება.