ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში
ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში

ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, მოვუწოდებთ ყველას, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ განაცხადა, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი, სამართალდამცველებსა და ადგილზე შეკრებილ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.