ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები - ჩვენი პროტესტის ფორმა არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, არაპარტიული და ემსახურება ერთადერთ მიზანს, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები - ჩვენი პროტესტის ფორმა არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, არაპარტიული და ემსახურება ერთადერთ მიზანს, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობისთვის ყველას მადლობას უხდიან.

როგორც ექიმის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს შეიკრიბნენ, რათა ხმა მიეწვდინათ მავთულხლართებს მიღმა დატუსაღებული ექიმისთვის, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა თავისი პროფესიული ვალის შესრულებისას.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, მათ ასევე სურდათ, მათი ხმა ოს ხალხს გაეგო.

„ოჯახის სახელით გვინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ!

ძალიან ემოციურად დატვირთული დღე იყო ჩვენთვის, დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს ვაჟა ექიმის გულშემატკივარი ძალიან ბევრი ადამიანი იყო აქციაზე და უამრავი, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს წამოსვლა, თუმცა ჩვენ – ოჯახი ვგრძნობთ მათ თანადგომას და მხარდაჭერას, რაც ძალიან გვაძლიერებს.

დღეს შევიკრიბეთ, რათა ხმა მიგვეწვდინა მავთულხლართებს მიღმა დატუსაღებული ექიმისთვის, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა თავისი პროფესიული ვალის შესრულებისას. ასევე გვსურდა, ჩვენი ხმა გაეგო ოს ხალხს, რადგან ქართველი და ოსი ხალხი ხომ საუკუნეების მანძილზე კავკასიის ცის ქვეშ ერთად ცხოვრობდნენ და დარწმუნებული ვართ, საუკუნეები წინ გვაქვს. ჩვენი თანაცხოვრების მთავარი პრინციპი ვაჟკაცობასა და ტოლერანტობას ეფუძნებოდა, ის სირთულეები, რაც ბოლო პერიოდში ყველას გვაწუხებს, სწორედ ამ თვისებების გაღვიძებით დაიძლევა!

ვაჟა ექიმი საკუთარ საქმეს ემსახურება, მისი მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა – მიუხედავად ეროვნებისა და პოზიციისა. დარწმუნებულები ვართ, ამას ნებისმიერი ოსი ეროვნების ადამიანიც ბრწყინვალედ გრძნობს. ჩვენ კარგად გვესმის ნებისმიერი განცხადების დროს გაჟღერებულმა თუნდაც ერთმა სიტყვამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს ვაჟას მდგომარეობას. ამიტომ ჩვენი პროტესტის ფორმა არის: არაძალადობრივი, მშვიდობიანი, არაპარტიული და ემსახურება ერთადერთ მიზანს „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს. ამის სიმბოლოდ თეთრ ხალათი მავთულხლართის მიღმა საჰაერო ბუშტებს გავატანეთ!“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ფეისბუქზე“ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

სოფელ ოძისთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ბანერებით შეიკრიბნენ, რომლებზეც ოკუპაციას აპროტესტებდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საოკუპაციო ხაზთან აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, საჰაერო ბუშტებით თეთრი ხალათი გაუშვეს.