უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კომიტეტი მოისმენს კანდიდატის ხედვას, როგორ წარმოუდგენია მას სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარება ისეთი საპასუხისმგებლო პოზიციიდან, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.

დეპუტატის თქმით, როგორც წესი, პარლამენტს კანდიდატის მოსმენისთვის ორკვირიანი ვადა აქვს.

„ვისზე გააკეთებს არჩევანს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეს მათი კომპეტენციაა. ყველამ ვიცით, რომ ნინო ქადაგიძეს სამოსამართლო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იგი სააპელაციო სასამართლოში 10 წელი მუშაობდა, შემდეგ უზენაეს სასამართლოში – მოსამართლედ. შესაბამისად, აქვს მოსამართლედ მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება და საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დღეს 12 ხმით შეარჩია.