უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, კანდიდატები შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მზია თოდუას საპენსიო ასაკის გამო უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეთა სია 18 კანდიდატისგან შედგება.

„კონკურსი გამოვაცხადეთ გასული წლის ნოემბერში, შეჩერდა გასაუბრებები, იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ვერ ჩავატარებდით გასაუბრებებს, ვინაიდან ე.წ. ცხრაკაციანი სია უკვე წარდგენილია პარლამენტში, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდეს სხვა კონკურსები, მათ შორის კონკურსი, რომელიც ორ ნოემბერს არის გამოცხადებული. მზია თოდუას უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გამოცხადებულ კონკურსში ერთი კანდიდატი იქნება წარდგენილი, სია 18 კანდიდატისგან შედგება. კანონი გვავალდებულებს, ეს გასაუბრებები ჩავატაროთ, შევასრულოთ, ჩავატაროთ პროცედურები, რომლის შედეგად წარდგენილი იქნება კანდიდატი პარლამენტისთვის. არ გადაგვიდია კონკურსი, მიმდინარეობდა. დაახლოებით 50 კანდიდატი იყო და ამას დრო სჭირდებოდა. ამ სიაშიც არიან კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობდნენ, ანუ პარალელურად ჩატარება იყო მიზანშეუწონელი, მრავალი გარემოება გვიშლიდა ხელს, რომ პარალელურად ჩაგვეტარებინა ეს კონკურსი“, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე.

„მივესალმებით ამერიკის ელჩის განცხადებას. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ, რომ შევხვდეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტში არჩევის პროცესის შეჩერებას, ჩვენი პოზიციაა, რომ დიდი ხნით არ უნდა შეჩერდეს ეს პროცედურები, რადგანაც უზენაესი სასამართლო საჭიროებს მოსამართლეების დანიშვნას“, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილს ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებაზეც დაუსვეს შეკითხვა, რომლის თანახმადაც, მოსამართლეებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

„ნებისმიერი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში არის გლობალურად სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევა, თუმცა ახლა კონკრეტულად ერევა თუ არა ვინმე, ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

დატოვე კომენტარი