მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან
მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

როგორც გვრიტიშვილი აცხადებს, სამოსამართლო კორპუსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიუხედავად სტატუსისა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც სამოსამართლო კორპუსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიუხედავად მისი სტატუსისა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი იმგვარი დამოუკიდებლობის ხარისხით, როგორიც არასდროს ყოფილა. მიმართვის მოკლე შინაარსი არის ის, რომ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ. ეს მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიცაა ცილისწამებებით გაჯერებული სატელევიზიო კლიპების და სპეციალური ფილმების დამზადება.

დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, რომ შეწყვიტონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა. ჩვენ კონკრეტული ორგანიზაციები და სუბიექტები განცხადებაში არ აგვისახავს, თუმცა შეხვედრაზე გამომსვლელი ზოგიერთი მოსამართლის მოსაზრებებში, მათ პოზიციებში გაიჟღერა ამგვარი სუბიექტების სახელებმა და გვარებმაც. საბოლოოდ, შემუშავებულ ტექსტში არ არის კონკრეტულად გამოყოფილი რომელიმე სუბიექტი. რამდენიმე მოსამართლის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს. დასკვნით ნაწილში არის მზადყოფნა სასამართლო კორპუსისა, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ სუბიექტთან, ვისაც რეალურად სურს, გაჯანსაღდეს სისტემა და რეფორმების განხორციელება. ჩვენ წარსულშიც გვითანამშრომლია ამ კუთხით და მომავალშიც ვითანამშრომლებთ, ეს მზადყოფნა მოსამართლეთა კორპუსმა დღესაც დააფიქსირა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.