უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ცხრა მომხრე, ერთი წინააღმდეგი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას საპარლამენტო ოპოზციიდან მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ესწრებოდა.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადაედო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ იქნება.