უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი

ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი შოთა გეწაძისგან დაინტერესდა, თვლის თუ არა ლევან მურუსიძეს სასამართლო სისტემის ლიდერად.

„ის არ არის ჩემთვის ლიდერი, ის არის გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანი. სასამართლოს თავისი იმანენტური ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთი ადამიანი ლიდერი არ სჭირდება. ლევანმა სხვა რამ იგულისხმა ჩემი აზრით. მან განაცხადა რომ არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელსაც ენდო 200-ზე მეტი მოსამართლე და შესაძლოა ამ თვალსაზრისით ლიდერი უწოდა თავის თავს

პირადად მე, იმ კონტექსტში, რაც ლევანმა თქვა, შეიძლება სიტყვა ლიდერი არ გამომეყენებინა, ზოგადად ეს ადამიანის ბუნებასა და ტერმინოლოგიაზეა დამოკიდებული, მაგრამ ცნობილი ფიგურა ნამდვილად არის და ცნობილი ფიგურა შეიძლება მეც ვიყო“, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.