იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.

„მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, განწყობა ნორმალური და დადებითი მაქვს. ბევრი რამის გამო უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რასაც გასაუბრებაზე დეტალურად ვიტყვი. სამართლიანი, გონივრული მოლოდინის გარეშე, მე განცხადებას არც შემოვიტანდი“, – განაცხადა შოთა გეწაძემ გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან. შოთა გეწაძე გასაუბრებაზე შემსვლელი სამი კანდიდატიდან დღეს პირველია.

19 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან.

გუშინ გასაუბრება სამ კანდიდატთან – ზურაბ აზნაურაშვილთან, თამარ ალანიასთან და დიანა ბერეკაშვილთან გაიმართა. პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.