უშანგი მარგიანი (90 კგ) მეორე წრეში ჩინელ ჰებილიჯ ჯუსთან გამრჯვების შემდეგ, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე, ქართული ფესვების მქონე ტეოდორს ცელიდისს დაუპირისპირდა.
სტარტიდან ერთ წუთში არბიტრმა მარგიანი პასიურობისთვის გააფრთხილა. მალე უშანგიმ მტკივნეული ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ცელიდისმა თავის დაძვრენა მოახერხა. ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, მარგიანი ვაზაარით დაწინაურდა. ბოლო წამებზე კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და შემდეგ ეტაპზეც მორიგი ვადამდელი გამარჯვებით გავიდა.
მერვედფინალში, მსოფლიო ჩემპიონატის შარშანდელი პრიზიორი, მარგიანის მეტოქე, გრანდსლემების ორგზის გამარჯვებული და ოთხგზის პრიზიორი იაპონელი კენტა ნაგასავა იქნება, რომელმაც ჯერ სეშელის კუნძულების, შემდეგ კი მონღოლეთის წარმომადგენელი დაამარცხა.
შეგახსნებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრებიდან მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ბექა ღვინიაშვილიც, რომელიც მეორე წრეში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.