ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე, თუ უკრაინაში შეიჭრება
რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე, მოწინავე საექსპორტო საქონელზე, თუ უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, რომელიც რუსეთს ესაჭიროება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარყო უკრაინის ხელისუფლების მოწოდებები სანქციების დაუყოვნებელი დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ დაწესდება.
„სანქციებზე გადასვლა იმდენად დიდი და შედეგიანია, რომ ვიცით, ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.