ურსულა ფონ დერ ლაიენი - მქონდა ნაყოფიერი საუბარი დონალდ ტრამპთან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე, კომისია მალე წარადგენს სანქციების მე-19 პაკეტს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მქონდა ნაყოფიერი საუბარი დონალდ ტრამპთან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე, კომისია მალე წარადგენს სანქციების მე-19 პაკეტს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის გამოცხადება დააანონსა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია მალე წარადგენს სანქციების პაკეტს, რომელიც რუსეთის კრიპტოვალუტას, საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს შეეხება.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მიზნით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებასთან დაკავშირებით. კომისია მალე წარადგენს სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც კრიპტოვალუტას, საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს შეეხება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის საომარი ეკონომიკა, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსავლებით არის მხარდაჭერილი, „აფინანსებს უკრაინაში სისხლისღვრას“. მისივე თქმით, ამის დასასრულებლად კომისია ევროკავშირს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაში ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო. გადაწყვეტილების მიზეზად კი დონალდ ტრამპის მოთხოვნა დასახელდა, რომელიც, მედიის ცნობით, შეზღუდვების გამკაცრებას მოიაზრებდა.