„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ოფიციალური წარდგენა მას შემდეგ გადადო, რაც ტრამპმა ევროპისგან უფრო მკაცრი ზომები მოითხოვა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ოფიციალური წარდგენა მას შემდეგ გადადო, რაც დონალდ ტრამპმა ევროპისგან უფრო მკაცრი ზომები მოითხოვა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკომისია სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა პარასკევს აშშ-მა თავის მოკავშირეებს „დიდი შვიდეულიდან“ მოსთხოვა, დააწესონ 100%-იანი ტარიფები ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ რუსული ნავთობის შეძენის გამო, ასევე მიიღონ სხვა ზომები, რათა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.
„ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, ამჟამად „დიდი შვიდეული“ მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე და სამუშაოს დასრულებას მომავალი ორი კვირის განმავლობაში გეგმავს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა „დიდ შვიდეულთან“ პოზიციის კოორდინაციის გამო გადადო.
ამასთან, უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია აგრძელებს შეზღუდვების ახალ პაკეტზე მუშაობას და ეს სამუშაო, შესაძლოა, კვირის ბოლოს დასრულდეს.
მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული საკითხი ოთხშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის დღის წესრიგიდან ამოღებულია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მზად არის, რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ, ასევე შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის ყიდვას.