ურსულა ფონ დერ ლაიენი - ირანის ქმედებები პროვოცირებას უწევს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას, ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღაზაში კრიზისის დასრულებისკენ. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გუშინ ირანმა განახორციელა მასირებული თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. მსგავსი პირდაპირი თავდასხმა ირანის მხრიდან ისრაელზე არის უპრეცედენტო. ჩვენ, დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ეს უმკაცრესად დავგმეთ. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ და ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი. ირანის ქმედებები პროვოცირებას უწევს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას და ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ამბობს ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად განიხილეს ღაზაში არსებული კრიზისიც. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლება, რაც ასევე მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას პალესტინელი ხალხისთვის.