ურსულა ფონ დერ ლაიენი - ერთობლივად გადავწყვიტოთ გაზის მაღალი ფასის პრობლემა, ჩვენი ინიციატივაა მისი ერთობლივი შესყიდვა
ამ ომის შედეგები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის გრძელვადიანი იქნება, – განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სასწორზეა ენერგოუსაფრთხოება და საკვების უსაფრთხოებაც.
„მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უსაფრთხოებისა და სამხედრო კუთხით, ასევე ენერგოუსაფრთხოება და საკვების უსაფრთხოებაც სასწორზეა. ენერგოპოლიტიკა ასევე არის უსაფრთხოების პოლიტიკა. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ წარადგინა ზომები, რომელიც საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად შევამციროთ გაზის იმპორტი რუსეთიდან. ეს ძალიან ამბიციურია, მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველი, ეს არის სწრაფი განახლებადი პროექტი, რაც არის სტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში. მეორე არის ენერგოეფექტურობის დაფინანსება. მესამე არის გაზით მომარაგების დივერსიფიცირება სანდო მომწოდებლებისგან. ხვალ ვისაუბრებ პრეზიდენტ ბაიდენთან, თუ როგორ შეგვიძლია, პრიორიტეტი მივანიჭოთ ენერგიის მიღებას აშშ-სგან ევროკავშირში მომდევნო თვეებში. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, როდესაც ვიყენებთ ჩვენი საერთო ბაზრის ძალას და ვიჩენთ სოლიდარობას.
ამ კუთხით, ჩვენი შეთავაზებაა, რომ ერთობლივად გადავწყვიტოთ გაზის მაღალი ფასების პრობლემა. ჩვენი ინიციატივაა გაზის ერთობლივი შესყიდვა. ჩვენ უნდა დავიწყოთ გაზის ერთად შესყიდვა და არა, როგორც ცალკეულმა ქვეყნებმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა უზრუნველყოფს მსოფლიოს საკვები პროგრამის ხორბლით მომარაგების ნახევარზე მეტს. დაბომბვები უკრაინელ ფერმერებს თესვის საშუალებას არ აძლევს. მეტიც, პუტინი ბლოკავს ასობით ხორბლით დატვირთულ გემს შავ ზღვაში. შედეგებს იგრძნობენ ლიბანიდან, ტუნისიდან და ეგვიპტიდან დაწყებული, შორეულ აღმოსავლეთამდე. მოვუწოდებ პუტინს, გემებს წასვლის საშუალება მისცეს. სხვა შემთხვევაში, ის პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ ერთ მსხვერპლზე, არამედ შიმშილზე. დღეს საღამოს ერთი თვე ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან. პირველივე დღიდან თქვენ ერთიანები ხართ და მოდით, ეს ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.