ურმას რეინსალუ - მკაცრად ვგმობთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას
ურმას რეინსალუ - მკაცრად ვგმობთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ეხმაურება.

მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე რეინსალუ დე ფაქტო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგის საშუალებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.