„უქიმერიონი“ მოყვარულთა თასის გამარჯვებულია

23:48, 15.12.2019

მოყვარულთა თასის გათამაშება თბილისის „უქიმერიონის“ გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე გუნდმა მოყვარულთა თასის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი შესარჩევი ეტაპი გაიარა. 2019-ის ნახევარფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში თბილისელებმა გასვლაზე მარტვილში „ოჯალეშთან“ 1:1 ითამაშეს და პენალტების სერიაში 4:3 სძლიეს მეტოქეს. გამარჯვება ფოთის „ჭაბონამასაც“ გაუჭირდა – ფოთელებმაც ძირითადი დრო 1:1 დაასრულეს, პენალტების სერიაში კი 4:2 მოიგეს.

ფინალურ მატჩში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ფოთის „ჭაბონამა“ თბილისის „უქიმერიონს“დაუპირისპირდა. მატჩი ვარკეთილის კომპლექსში, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენებულ ახალ საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.

თბილისელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს. პენალტი გიორგი ბერიშვილმა გამოიყენა 1:0. ფოთელებმა ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრეს და მათაც ეს პენალტით მოახერხეს – გოლი ირაკლი ლეჟავას ანგარიშზეა 1:1. 68-ე წუთზე გიორგი ღონღაძემ თავური დარტყმით „უქიმერიონი“ მეორედ დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „უქიმერიონის“ სასარგებლოდ, რომელმაც ფოთელების ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

მოყვარულთა თასი უკვე მეოთხე წელია იმართება, წლევანდელ გათამაშებაში 374 გუნდმა და 10500-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა ითამაშა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და ფეხბურთის ფედერაცია არიან, ხოლო მხარდამჭერი – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

მსგავსი