უნგრული გამოცემა – კვარაცხელიას არყოფნაში საქართველოს ნაკრების ლიდერობა ჩაკვეტაძეს მოუწევს #1TVSPORT

22:35, 06.11.2026

უნგრეთის ნაკრების გზა A ლიგისკენ საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე გადის, მაგრამ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ, – ამის შესახებ უნგრული გამოცემა nemzetisport-ი წერს.

„ნოემბერში უნგრეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს: 14 ნოემბერს სტუმრად საქართველოს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ბუდაპეშტში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. უნგრელების მიზანი B ლიგიდან A ლიგაში გადასვლაა. როგორც საქართველომ, ისე ჩრდილოეთ ირლანდიამ უკვე დაასახელეს შემადგენლობები.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სამი დებიუტანტი გამოიძახა: მეკარე ნოდარ ყალიჩავა, მცველი გიორგი მაისურაძე და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი. საქართველო, რომელიც ოთხი ტურის შემდეგ ორი ქულით მეოთხე ადგილზეა, მომავალ შაბათს თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.

გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია (რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს) ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. მის არყოფნაში გუნდის ლიდერის როლის აღება გიორგი ჩაკვეტაძეს მოუწევს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. B ლიგის მე-2 ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, რაც უნგრეთის ნაკრების მონაგარზე ერთი ქულით მეტია. მაიკლ ო’ნილის გუნდი მომავალ შაბათს ბელფასტში უკრაინას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი „პუშკაშ არენაზე“ ითამაშებს.

ჯგუფის გამარჯვებული A ლიგაში გადადის, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში ითამაშებს. მესამე ადგილზე გასული ნაკრები B ლიგაში რჩება, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფმა გუნდმა ლიგიდან გავარდნის თავიდან ასაცილებლად პლეი ოფში უნდა იბრძოლოს. თუ უნგრეთის ნაკრები საქართველოში არ წააგებს და ჩრდილოეთ ირლანდიას დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს“.

მსგავსი