უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც თბილისის მედიატურნირზე მოხდა – სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ
კოტე მახარაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირზე, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, უპრეცედენტო ამბავი მოხდა: ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიანაკრებები შეეჯიბრნენ.
ამ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობების გამო, შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად, „უეფა“ (UEFA) და „ფიფა“ (FIFA) საერთაშორისო ტურნირებზე ამ ქვეყნის ნაკრებებს ერთმანეთთან არ ათამაშებს. ის, რაც ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ ვერავინ შეძლო, ამ ტურნირის ორგანიზატორებმა მოახერხეს – კოტე მახარაძის თასის ორგანიზატორებმა, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიანაკრებები ერთმანეთს პენალტების სერიაში შეაჯიბრეს.
დავიდ ალავერდიანი, სომხეთის მედიანაკრების წევრი: სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ფეხბურთში ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ხანია არ უთამაშიათ – არა მარტო სანაკრებო დონეზე, არამედ მოყვარულების დონეზეც კი. თამაშამდე ორგანიზატორებთან ვილაპარაკეთ და გარანტია მივეცით, რომ ჩვენი შეხვედრა მეგობრულ გარემოში ჩატარდებოდა და ასეც მოხდა. ფეხბურთი სწორედ ამით გამოირჩევა, რომ აქ მთავარი ფეიარ-პლეის პრინციპებია.
შამსადინ აბასოვი, აზერბაიჯანის მედიანაკრების წევრი: საქართველომ კიდევ ერთხელ გაგვაოცა სტუმართმოყვარეობით. ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მიხარია, რომ ჩამოვედით და კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, მედიატურნირზე გვეთამაშა და ძალიან გაგვიხარდა, რომ მესამე ადგილი დავიკავეთ.
კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის 6 ქვეყნის მედია ნაკრებიიბრძოდა, გამარჯვებული კი უკრაინა გახდა. ამ გუნდის წევრის აზრით, ტურნირების ისტორიაში საუკეთესოდ მისი ორგანიზება საქართველოში მოახერხეს.
„ძალიან გახარებულები ვართ, რომ კოტე მახარაძის სახელობის თასი მოვიპოვეთ. საერთაშორისო მედიატურნირი პირველად არ ტარდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტურნირის საუკეთესოდ ორგანიზება საქართველომ მოახერხა. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც არ იყო დაპირისპირებები, არაობიექტური მსაჯობა, მოედანზე უხეშობა და ის უსიამოვნებები, რომლებიც ბევრი ტურნირებიდან გვახსენდება“, – აცხადებს უკრაინის მედიანაკრების წევრი ლეონიდ ფრანცესკევიჩი.
კოტე მახარაძის თასის გათამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის, საქართველოს მედიანაკრების წევრ მამუკა კვარაცხელიას აზრით, მედიატურნირს სხვა დატვირთვაც ჰქონდა: „ტურნირის ისტორიაში ჩაიწერება, რომ საუკეთესო ორგანიზატორი საქართველო იყო, რომელსაც სტუმრის მიღება და გაოცება შეუძლია. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გავითვალისწინეთ – ახლა საქართველოში ტურისტული სეზონი იწყება და ამაში ჩვენი წვლილი შვეიტანეთ. ლიეტუველები და უკრაინელები საქართველოში ტურნირამდე მცირე ხნით ადრე ჩამოვიდნენ, დაისვენეს და დარწმუნებული ვარ, სამშობლოში კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან“.