უპატივცემულობის ასეთ გამოვლენაზე უეფა მასპინძელს სჯის - კოსოვოელებმა საქართველოს ჰიმნს უსტვინეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის გასვლითი შეხვედრა პრიშტინაში კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთან 2:1 მოიგო და მეტოქე ბოლო ადგილზე დააქვეითა, თავად კი მე-4 ადგილზე დაწინაურდა.

მატჩის დასაწყისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა – კოსოვოს მხარის გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას სტვენა დაიწყეს, რაც საფეხბურთო მატჩების ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა.

ცხადია, მიზეზი ისაა, რომ საქართველო სეპარატისტული მხარის დამოუკიდებლობას არ ცნობს. „ჯვაროსნებმა“ მატჩი მოიგეს და თამაშის შემდეგ პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე შეკრებილები უკვე საკუთარ მოთამაშეებს უსტვენდნენ.

მომხდარის გამო, ქართველმა გულშემატკივრებმა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე არაერთი კომენტარი დატოვეს. მათი აღშფოთება სამართლიანიც არის და უეფა-ს ეთიკის კოდექსითაც რეგულირდება.

ურთიერთპატივისცემა – ეს უეფას ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც 12 ოქტომბრის საღამოს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა კოსოვოელმა პუბლიკამ არად ჩააგდო.

წესით, ამის გამო უეფა-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა დასაჯოს. მსგავსი საქციელისთვის არაერთი დისკვალიფიკაციის გახსენება შეიძლება. ვნახოთ, უეფა ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს.