უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებისთვის მობილობა გამოცხადდება
უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებისთვის მობილობა გამოცხადდება

შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი რიგგარეშე მობილობას გამოაცხადებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაცია გაუუქმდათ.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სტუდენტები, რომლებიც „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიაში“ სწავლობენ, მობილობით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გადანაწილდებიან.

ჩხენკელის თქმით, განათლების ხარისხზე ზრუნვა განათლების სამინისტროს უმთავრესი სტრატეგიული მიმართულებაა.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს რიგგარეშე მობილობას მხოლოდ ამ სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ასევე კონსულტაციებსაც გაუწევს. სტუდენტებს საკუთარი არჩევანის საფუძველზე საშუალება ექნებათ, რომ სწავლა გააგრძელონ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. დეტალები ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

აღნიშნულ სასწავლებლებში დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს და სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა აბიტურიენტს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები არიან ისინი, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური ხარისხი. არსებობს აპელაციის პროცესი, თუ ავტორიზაცია შეჩერებული სასწავლებლები შემოიტანენ განცხადებას, აკრედიტაციის საბჭო მათ განცხადებას განიხილავს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.