უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში მათი სურვილისამებრ გადანაწილდებიან
უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში მათი სურვილისამებრ გადანაწილდებიან

განათლების სამინისტრომ ავტორიზაციაშეჩერებული სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის, „ჰიპოკრატეს“ სტუდენტების მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიღწეული შეთანხმებით, სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი სურვილისამებრ გადანაწილდებიან. ამის შესახებ სტუდენტებმა განათლების მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, უმეტესობა არჩევანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე შეაჩერებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ მობილობა სპეციალურად მათთვის მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

„მინისტრმა გაგვცა პასუხი – რომელ უნივერსიტეტსაც მოითხოვთ, დაგაკმაყოფილებთ ყველას, ერთი კაციც არ დარჩება გარეთ, არ აქვს მნიშვნელობა, კერძოს მოითხოვთ თუ სახელმწიფოსო. ჩვენთვის პრიორიტეტი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც გვინდა სწავლის გაგრძელება იმიტომ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიდნენ ის ლექტორები და პროფესორები, რომლებიც თსსუ-ში კითხულობენ ლექციებს“, – განაცხადა უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტმა ნიკა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეში“ 443 სტუდენტი სწავლობდა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აკადემიაში დაახლოებით 10-მდე სტუდენტი სწავლობდა, რომელთათვისაც მობილობა ანალოგიურად მიმდინარე კვირაში დაიწყება.