უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ადგილი ევროპასა და ევრაზიაში“
უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ადგილი ევროპასა და ევრაზიაში“

ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ადგილი ევროპასა და ევრაზიაში“.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ევროპული მომავალი და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება საქართველოში.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე, ევროპარლამენტის წევრი ანდრაშ ლასლო და ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი პეტერ კრავიცი.

„არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 24 000, 25 000 დამკვირვებელი და როდესაც ODHIR-მა გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების შეფასება, მინდა, მხოლოდ სათაური გაგაცნოთ: არჩევნებისთვის მზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებით, ახალი ხმის მიცემის ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნებზე ამომრჩევლებს ჰქონდათ ფართო არჩევანი – 18 კანდიდატი, არჩევნებში მონაწილეებს ზოგადად შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად  წარმოება. ODHIR-ის თანამოსაუბრეთა უმეტესობამ არ გამოთქვა მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიის სიზუსტის ან ინკლუზიურობის შესახებ არჩევნების დღემდე. არჩევნები ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად მართა არჩევნების ტექნიკური ასპექტები. ზოგადად, სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი. რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეთავს ჰქონდა ზოგიერთი არც ისე მნიშვნელოვანი პუნქტი.

არჩევნებამდე, მახსოვს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ ყველას, რომ წასულიყვნენ საარჩევნო უბანზე და ჩაეგდოთ ბიულეტენი, რადგან მისი გაყალბება შეუძლებელია. ბიულეტენის  წაკითხვა შეუძლებელია. 12 საათის შემდეგ მათ  სხვაგვარად დაიწყეს საუბარი“, –  განაცხადა რევაზ გაჩეჩილაძემ.

ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის და უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ბოროტად იყენებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელს.

„კიდევ ერთი მოსაზრება არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი რაოდენობის შესახებ. არ ვსაუბრობ დამკვირვებლებზე, ვსაუბრობ, ზოგადად,  რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა არაა, რადგან არასამთავრობოთა უმეტესობა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ინიციატივებია ადგილობრივი ან კონკრეტული მიზნებით. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც ეფექტურად ფინანსდებიან უცხოური მთავრობებისგან და უცხოურ დაფინანსებას იღებენ, სინამდვილეში, ძალიან ცოტაა. შეიძლება არსებობდეს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება, მაქსიმუმ, რამდენიმე ათეული, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან და მათი ბიუჯეტის  90-დან 99%-მდე უცხოურ დაფინანსებას წარმოადგენს. ეს სასაცილოა. ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, როცა შენი, საკუთარი მოქალაქეების წვლილი ასე მცირეა. ეს სასაცილოა. ისინი არ არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ისინი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ისინი იღებენ ფულს მთავრობისგან, ეს სასაცილოა.

ახლა თვით ევროპულ დოკუმენტებშიც კი ცდილობენ, აღარ გამოიყენონ ტერმინი „არასამთავრობო ორგანიზაცია“, ცდილობენ, თქვან – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რაც კიდევ უფრო უარესია, რადგან ისინი ნამდვილად არ არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, ვხედავ, რომ ჩემი, როგორც მთავრობის კომისრის სამუშაო არის იმავე სახის ჩარევის პრევენცია, რაც გვქონდა 2022 წელს, რომ ხელი შევუშალოთ მის განმეორებას 2026 წელს. მეორე საქმე არის რეალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ინიციატივების სახელის გასუფთავება. ეს სხვა ორგანიზაციები იტაცებენ ამ სახელს და ბოროტად იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების სახელსა და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელს. ესენი არიან მთავრობის მიერ დაფინანსებული და უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ.

მხოლოდ ორი კვირის წინ გამოქვეყნდა „ევროპის აუდიტორთა სასამართლოს“ ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და შედეგი ტრაგიკულია. ამ ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციად რომ გაღიარონ, ძალიან ცოტა პირობის შესრულებაა საჭირო, ძალიან ცოტა რამ მოწმდება და, ფაქტობრივად, არასამთავრობო ორგანიზაციები თვითდეკლარირებულად ხდებიან ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მომუშავე, პოლიტიკური ორგანიზაციები და ა.შ. ყველა შეიძლება აღიარებულ იყოს  არასამთავრობო ორგანიზაციად. ჩვენ უნდა დავასრულოთ  ეს არეულობა, რათა დავიცვათ რეალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა უნგრელი სპეციალისტები, უნგრეთში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი და ბუდაპეშტში მყოფი ქართველი სტუდენტები.