უნგრეთის პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრაზე - 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ
უნგრეთის პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრაზე - 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ

პირადად მე და ჩემი დელეგაცია ვემზადებოდით თქვენთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქომდე ადერი ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა. მან ილია მეორეს მიწვევისა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, აქ მოვსულიყავით. ჩემი დელეგაციის წევრებიდან მხოლოდ ერთი კოლეგაა საქართველოში ნამყოფი, ისიც სტუდენტობის დროს, ბევრი წლის წინ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგია უკვე დამკვიდრებული იყო, როცა ჩვენ ძალიან შორს ვიყავით. შეიძლება იცით, რომ ერთი-ორი საათის წინ მოვინახულეთ ეროვნული მუზეუმი, სადაც ბოლო სართულზე მოიპოვება საბჭოთა ოკუპაციის ექსპონატები. მოვინახულეთ ბევრი ექსპონატი, მათ შორის ვიდეოჩანაწერები. ვნახეთ სურათიც, სადაც ეკლესიის ჯვარს აგდებენ და დამებადა კითხვა, რამხელა დანაკარგი განიცადა ეკლესიამ საბჭოთა ოკუპაციის დროს“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, შეხვედრაზე პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა და სტუმრებს მის მიერ დაწერილი „ავე მარია“ მოასმენინა.

იანოშ ადერმა პატრიარქს თავისი და ასევე მეუღლის სახელით მადლობა გადაუხადა.

„დაახლოებით 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა,  ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ. ჩემი მეუღლის სახელითაც მადლობას გიხდით, რომ მოგვილოცეთ იუბილე“, – განაცხადა ადერმა.

იანოშ ადერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გუშინ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.