ილია მეორე უნგრეთის პრეზიდენტს - დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად
ილია მეორე უნგრეთის პრეზიდენტს - დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად

კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი მიიღო. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა.

პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა 2020 წელი ოჯახის ფასეულობის წლად გამოაცხადა.

„მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ დღეს არის თქვენი მეუღლის დაბადების დღე. გულითადად ვულოცავ მას.
ჩვენ დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას. 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად.

საქართველოს ეკლესია უძველესი ეკლესიაა. ჩვენთან ქრისტიანობა პირველ საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს, მეოთხე საუკუნეში კი უკვე სახელმწიფო რელიგია გახდა.

ჩვენ გვაქვს კავშირი მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან. ჩვენთან სტუმრად იყვნენ რომის პაპები – იოანე პავლე მეორე და პაპა ფრანცისკი.

ასე რომ, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ ყურადღებისთვის, რასაც აქცევთ სოფლის მეურნეობას. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ განვითარებაში. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ უჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გისურვებთ დიდ წარმატებას, ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

უნგრეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიწევევისა და მიღებისთვის. იანოშ ადერმა პატრიარქთან ვიზიტამდე ეროვნული მუზეუმი მოინახულა. მისი თქმით, ყურადღება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა მიიქცია და მან პატრიარქს კითხვა დაუსვა, რამხელა დანაკარგი განიცადა ეკლესიამ საბჭოთა ოკუპაციის დროს.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეს იყო მძიმე პერიოდი ეკლესიისთვის.

„იმედი მაქვს, ოკუპაცია დასრულდება და დაუბრუნდება ტერიტორიები საქართველოს. 70 წლის განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი იყო რეპრესირებული. მათ შორის, პატრიარქიც. მრავალი ტაძარი და მონასტერი იყო განადგურებული, მაგრამ ჩვენ ახალი ტაძრები ავაშენეთ და მადლობა უფალს, უფალი გვაძლევს ძალას, რომ განვვითარდეთ და განვავითაროთ ეკლესია-მონასტრები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მან უნგრეთის პრეზიდენტის მეუღელეს დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის მიერ დაწერილი „ავე მარია“ მოასმენინა სტუმრებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენს მეუღლეს დაბადების დღე და ამასთან დაკავშირებით, მოისმინოთ ჩემი ნაწარმოები „ავე მარია“, – აღნიშნა ილია მეორემ.